English / ქართული / русский /
გიორგი ხარშილაძე
ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ასპექტები საქართველოში და მასზე მოქმედი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გავლენის ასპექტები

ანოტაცია. საზოგადოდ მიღებული პრაქტიკის თანახმად, ნებისმიერი მთავრობის მთავარ ამოცანას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნის მიღწევა მთავრობის მხრიდან სწორი და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას და შემდგომ განხორციელებას მოითხოვს, რაც მხოლოდ წარმოებული საქონლითა და მომსახურებით არ განისაზღრვება. გარდამავალ პერიოდში, როდესაც საბაზრო მექანიზმები და ინსტიტუციები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არის, მნიშვნელოვანია სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება. ფისკალური სტიმულები წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ეკონომიკური ზრდის შეფასების თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ხელისუფლების ხელთ არსებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ბერკეტს, რომელიც, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო, მეორე მხრივ, – ეკონომიკურ კრიზისებზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებს.  ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია სავალუტო უსაფრთხოების მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს. შესაბამისად, მათი როლი მნიშვნელოვანია როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური წონასწორობის მიღწევის პროცესში.

საკვანძო სიტყვები: მაკროეკონომიკური პოლიტიკა, სავალუტო უსაფრთხოება, ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდა. 

შესავალი

ნებისმიერ სახელმწიფოში მოსახლეობის შემოსავლების დონე დამოკიდებული არის ქვეყნის ეკონომიკის სიდიდეზე. ქვეყნის ეკონომიკა წარმოსახვით ობიექტად არ უნდა განვიხილოთ, პირიქით, საკმაოდ რეალური და დათვლადია. დღევანდელ პირობებში ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის ტენდენციებით უნდა განვსაზღვროთ. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის, სავალუტო უსაფრთხოებისა თუ საგადასახდელო ბალანსის ასპექტები თანამედროვე მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკვანძო საკითხად გადაიქცა. ინდუსტრიულისა თუ ტექნოლოგიური რევოლუციის პირობეში უნდა განისაზღვროს არა მარტო ის ეკონომიკური ფაქტორები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის წონასწორობის უზრუნველყოფა, არამედ უნდა განხორციელდეს ეკონომიკური ზრდისა თუ სავალუტო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება. ყოველივე ამის გათვალისწინებით გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს  მთავრობის მხრიდან შემუშავებულმა სწორმა ეკონომიკური პოლიტიკამ, რაც გადამწყვეტ როლს  ასრულებს საქართველოსთვის, რომელიც ჯერ კიდევ გარდამავალ პერიოდში იმყოფება, სადაც საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საბაზრო ინსტიტუციები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაზეა. ამავე კონტექსტში გასათვალისწინებელია ის ფისკალური სტიმულები, რასაც მთავრობა გვთავაზობს, რადგან იგი გავლენას ახდენს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე  თუ სამომავლო მდგომარეობაზე, რაც აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

საზოგადოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად, ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკის მთავარ თავისებურებას მისი გლობალური დაუბალანსებლობა წარმოადგენს [ბახტაძე ლ, 2006: 15]. აღნიშნული პრობლემა შეიძლება გადაწყდეს თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანრეგვით და ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციის გზით. მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას მრავალი ფორმა გააჩნია, მაგრამ ძირითადი არსი არის რეფორმების პერიოდში სხვადასხვა ტიპის ფაქტორების ურთიერთგადახლართვის შედეგი [ბახტაძე ლ, 2006: 15]. გარდამავალ პერიოდში ქვეყნების საწყისი პირობები ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც ძირითადში მაკროეკონომიკური დაუბალანსებლობით გამოიხატება. ეს უკანასკნელი კი გამოიხატება საბიუჯეტო და საგარეო ვაჭრობის დეფიციტით, ფულის ჭარბი მასის, საგარეო ვალის ტვირთის, სავალუტო რესურსების შეზღუდულობით.

გარდამავალ პერიოდში ქვეყნების სასტარტო პირობები ერთმანეთისგან განსხვავებულია, რაც შეიძლება გამოხატული იყოს მაკროეკონომური დაუბალანსებლობის ხარისხით. ეს უკანასკნელი გამოხატულებას პოულობს საბიუჯეტო და საგარეო ვაჭრობის დეფიციტში, საგარეო ვალის ტვირთის სიმძიმეში, შეზღუდული სავალუტო რეზერვებისა თუ სახელმწიფო საწარმოებში ზარალის არსებობაში.

თუ როდის დასრულდება გარდამავალი პერიოდი, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ამაზე პასუხი დამოკიდებული არის ეკონომიკური განვითარების მდგომარეობასა მის კომპლექსურ ანალიზზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ფორმალურად საქართველო გახდა ღია ქვეყანა, ეკონომიკური კავშირები აქვს მთელ მსოფლიოსთან. წარმატებული ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო არის მეტი ინვესტიციების მოზიდვა წარმოების პერსპექტიულ დარგებში. ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების ერთ-ერთ ხელისშემშლელ წინაპირობად უნდა მივიჩნიოთ არამყარი მაკროეკონომიკური სიტუაცია. ძირითადი აქცენტი მიმართულია ანტიინფლაციურ პოლიტიკაზე, რაც ძირითადად გამოიხატება ერთობლივი მოთხოვნისა და ფულის მასის მკაცრი რეგულაციით. ეკონომიკის დაბალანსებული ზრდის მიღწევის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს კომპლექსური მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი შემდგომ განხორციელება  ყველა შემადგენელი ელემენტის დაბალანსების საფუძველზე.

მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, სახელმწიფოს როლი და ადგილი განსაკუთრებულია, რადგან სწორედ მან უნდა შეიმუშავოს ის გრძელვადიანი პროგრამები, რომლის მიზანიც იქნება გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, შემცირდება ქონებრივი დიფერენციაცია, გაიზრდება საშუალო ფენა, რომელიც გახდება საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩამოყალიბდება სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც იქნება ადამიანის უფლებებისა თუ ძირითადი თავისუფლების გარანტი.

თანამედროვე ეტაპზე, ტექნოლოგიური რევოლუციისა თუ გლობალიზაციის ფონზე, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების მდგრადობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად უნდა მივიჩნიოთ. ამ მიმართულებით სავალუტო უსაფრთხოების მაკროეკონომიკური ასპექტები ეროვნული უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილია. სავალუტო უსაფრთხოება ისეთ მდგომარეობას გულისხმობს, როდესაც გარანტირებული არის ეროვნული ინტერესების დაცვა, სავალუტო სისტემის დამოუკიდებელი ფუნქციონირება და თვითგანვითარება შინაგანი და გარეგანი პროცესების ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც კი. შედეგად სავალუტო უსაფრთხოების პრობლემატიკის მოგვარება და გადაწყვეტა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას.

მაკროეკონომიკური  პოლიტიკის  გავლენის  ზოგიერთი  ასპექტი  და მნიშვნელობა ეკონომიკის ზრდაზე საქართველოსთვის 

თანამედროვე ეტაპზე საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფოს მხრიდან საგარეო წონასწორობის მიღწევა მაკროეკონომიკური პოლიტიკის მთავარ მიზნად უნდა დავასახელოთ. სწორი და ეფექტიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭიროა შეფასდეს მისი თავისებურებანი ღია ეკონომიკის პირობებში ვარიანტულად, ანუ ფიქსირებული სავალუტო კურსის, დაბალი და მაღლი მობილურობის პირობებში [ჭანია მ: 2009:89]. შედეგად, აღნიშნულის საფუძველზე, მიზანშეწონლია გაკეთდეს გარკვეული ტიპის დასკვნები, რომლებიც ძირითადში ორიენტირებულია სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის წარმართვისკენ, რაც გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიყოს საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც გარკვეული ტიპის ზემოქმედება ხორციელდება მთლიანი პროდუქტის ზრდაზე, მიუხედავად სავალუტო რეჟიმისა და კაპიტალის მოძრაობის ინტენსივობისა. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ პოლიტიკის ეფექტიანობა ძირითადად კაპიტალის ხარისხზე არის დამოკიდებული. ამავე კონტექსტში უნდა გამოვყოთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის ეფექტიანობა. პირველი ძირითადში სავალუტო კურსზე არის დამოკიდებული. ფიქსირებული სავალუტო კურსის პირობებში იგი არანაირ ზემოქმედებას ახდენს შემოსავლებზე, სავალუტო კურსსა თუ საპროცენტო განაკვეთზე. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მცურავი სავალუტო კურსი, რადგან იგი ძლიერ ზემოქმედებას ახდენს სავალუტო რეზერვზე, მცირდება ეროვნული ვალუტის ღირებულება და საპროცენტო განაკვეთი, ხოლო საგარეო სავაჭრო პოლიტიკის პირობებში იზრდება მცურავი სავალუტო კურსი, რაც ამცირებს წმინდა ექსპორტის ზრდას და აუფასურებს პროტექციონისტული პოლიტიკით გამოწვეულ ექსპორტის გაფართოების ეფექტს  [ჭანია მ: 2009:89].

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ძირითადად ნეოლობერალური მიდგომების პრინცპების ასახვაა, მასში ასახული არ არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც მსოფლიო ეკონომიკაში დღეს მიმდინარეობს, მათ შორის გლობალიზაციისა თუ ეკონომიკური  ზრდის ინსტიტუციური ფაქტორების გაძლიერება. თანამედროვე ეტაპზე, იმავე გლობალიზაციის პირობებში, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კაპიტალის მოძრაობის ეფექტიან კოტროლს და მისი ნაკადების რეგულირებას. შესაბამისად, საქართველოში მაკროეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისთვის საჭირო არის არა მარტო ზემოაღნიშნული ნეოლიბერალური მიდგომების, არამედ ეკონომიკური განვითარების ტენდენციების ანალიზი.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ეკონომიკური განვითარების ეტაპები საქართველოში წინააღმდგეობრივი ხასიათისაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი ათწლეულია საქართველოში შეინიშნება ბიუჯეტისა თუ ეკონომიკური ზრდა, ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირება, მაგრამ პარალელურ რეჟიმში საკმაოდ გაზრდილია ფასების საერთო დონე, უმუშევრობა, რეალური შემოსავლების კლება, ძლიერდება მიგრაციული პროცესები და გაუარესების ტენდენციით ხასიათდება საგარეო სავაჭრო ბალანსი და სტრუქტურა. ამ ყველაფრის ძირითად მიზეზად უნდა დავასახელოთ საქართველოს ეკონომიკის დაბალი კონკურენტუნარიანობა. ნორმალურ ეკონომიკურ ზრდას ასევე ხელს უშლის ეკონომიკის ზარალიანი საწარმოების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო დანარჩენ ნაწილში შემოსავლების დაბალი დონე. ყოველივე ეს აისახება ინვესტიციების დაბალი დონით.

გარდა ზემოთაღნიშნულისა, ეკონომიკის დაჩქარებულ განვითარებას ხელს უშლის არასახარბიელო მაკროეკონომიკური პოლიტიკა. დღესდღეობით არსებული გარკვეული ეკონომიკური სტაბილურობა გამოწვეულია არა ეკონომიკური რეფორმებით, არამედ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებით. ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ უდეფიციტო ბიუჯეტი. ამით შესაძლებელი იქნება მთავრობის მხრიდან დაფინანსდეს არა მხოლოდ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, არამედ სახელმწიფო ვალის მომსახურება და ეკონომიკის საბიუჯეტო სექტორის განვითარება.

ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვისთვის კი საჭიროა სტრუქტურული დისპროპორციების რეალური აღმოფხვრა, რაც გამოიხატება მთლიან შიდა პროდუქტში  შემოსავლების მცირე წილისა თუ მოსახლეობის ხელფასების გაზრდით. დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში არსებობს პრაქტიკა, რომ მთლიან შიდა პროდუქტში შეინიშნება დაგროვების პრაქტიკის შემცირება. ეს კი გამოიხატება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში ცნობადობის ამაღლებით, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა, კულტურის, თანამედროვე ტექნოლოგიები. ყოველივე ეს შესაბამის ფინანსებს მოითხოვს. ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს შორის განვითარებულ ქვეყნებში არსებულ დონეს რომ მივუახლოვდეთ, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს შემოსავლების, ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში.

აქვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე – თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ ევროპის, ამერიკისა თუ აზიის მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკის განვითარების დონეს, თვალში მოგხვდება ე.წ. მშპ-ს მოცულობის კრიტიკული ზღვარის არსებობა, რაც გულისხმობს დანაზოგებისა თუ ინვესტიციების ისეთი დონის მიღწევას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ეკონომიკის სტაბილური ზრდა და ცხოვრების დონის შედარებითი ამაღლება. სწორედ ამისთვის არის საჭირო სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკმაოდ ხანგძლივ და რთულ პროცესთან არის დაკავშირებული.

არარანკლები ყურადღება უნდა დაეთმოს სტრუქტურულ ძვრებს რეალურ ეკონომიკაში, რაც ძირითადად გამოიხატება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვითა თუ ინოვაციური და პოლიტიკური სექტორების სწრაფ განვითარებასა და მათი საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში.

ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას შეუძლია განსაკუთრებული როლის თამაში, რადგან მეტად მნიშვნელოვანია საგადასახდელო ბალანსის წონასწორობის მისაღწევად მისი პოტენციალის ამაღლება. ეს, უპირველეს ყოვლისა,  ეხება ექსპორტის გაფართოებას, საგარეო ვალის შემცირებას და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისგან განსხვავებით DCFTA გულისხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ისეთ სპექტრს, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკითრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა.

კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს შიდა ინვესტიციების სიმწირე, ეფექტიანი ფულად-საკრედიტიო თუ სავაჭრო პოლიტიკის მეშვეობით მსოფლიო ბაზარზე კონკურენტული პროდუქციის წარმოება და ექსპორტის გაფართოება. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი რაოდენობა, რომელსაც თან ახლავს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. იმისთვის რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მზარდი იყოს, უნდა არსებობდეს ნაკლები ბიუროკრატიული პირობები და მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა.

ყოველივე ამან უნდა მიგვიყვანოს ეროვნული კაპიტალის გაძლიერებამდე, მათ შორის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა საბანკო სფერო. ამავდროულად მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს  კაპიტალის შემოდინების კონტროლზე. ხშირ შემთხვევაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმპორტის გაზრდას იწვევს, რაც უარყოფითად მოქმედებს საგადასახდელო ბალანსზე. მრავალი ფაქტი არსებობს იმისა, რომ ინვესტიციები ფულის გათეთრების წყაროდ არის გამოყენებული ან უარყოფითად მოქმედებს გარემოს დაბინძურებაზე. ეს უკანასნელი ხელს უშლის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ექსპორტისა თუ ტურიზმის განვითარებას, რომლებიც მიიჩნევა ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის სტრატეგიულ მიმართულებებად.

ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე საუბრისას ყურადღება უნდა გავამხვილოთ სავალუტო უსაფრთხოების მაკროეკონომიკური პოლიტიკის ზოგიერთ ასპექტზე. ეკონომიკური და სავალუტო უსაფრთხოება გამოიხატება უნარში, მოახდინოს პრევენცია საშინაო თუ საგარეო მუქარის, მდგრადი განვითარებისა თუ ეროვნული ეკონომიკური სისტემის დამოუკიდებლობის დაცვაზე [ჭანია მ: 2009:80]. სავალუტო უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა სახელმწიფო ბიუჯეტი, სავალუტო რეზერვები, მყარი ვალუტა, მონეტარიზაციის დონე. სავალუტო და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფოს უპირველეს ამოცანას.

თანამედროვე ეტაპზე, განვითარდა იდეა იმის თაობაზე, რომ ეკონომიკის განვითარების მიდგომებში მდგრადი და უსაფრთხო სტრატეგიის შემუშავება და შემდგომ მისი განხორციელება წარმოდგენილი იყოს ერთ-ერთ ძირითად მამოძრავებელ ძალად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც წინა პლანზე არის წამოწეული ტექნოლოგიური პროგრესი და გაძლიერებულია გლობალიზაციის პროცესი. ამ პირობებში აქტუალობას იძენს სავალუტო უსაფრთხოებს სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მოითხოვს თანმიმდევრულ, მიზნობრივი სამუშაოების ჩატარებას და მიმართული იქნება ეკონომიკის გამოცოცხლებისა და მისი ზრდის ამაღლებისკენ. შესაბამისად ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პერიოდში მეტად საშურია სახელმწიფოებრივი ინტერესის გათვალისწინება, რაც უპირველესად ეკონომიკური უსაფრთხოების პრინციპების დანერგვაში გამოიხატება.

სავალუტო უსაფრთხოების მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკური უსაფრთხოების ნაწილად უნდა განვიხილოთ,  ისეთი მდგომარეობის მიღწევის საშუალებად უნდა მივიჩნიოთ, როდესაც დაცული არის ეროვნული ინტერესები, სავალუტო სისტემების დამოუკიდებლობის ფუნქციონირება მათთვის არასასურველ პირობებშიც კი. შესაბამისად, მის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავების გარეშე შეუძლებელია საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპების უზრუნველყოფა.

ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად უნდა გავითვალისწინოთ ის შიდა და გარე ფაქტორები, რომლებიც გარკვეულწილად ურთიერთქმედებენ სავალუტო უსაფრთხოებაზე. დამატებით ფაქტორებად უნდა განვიხილოთ მისი გავლენის ხარისხი როგორც თვითონ სავალუტო სისტემის მდგრად განვითარებაზე, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შემადგენელ, ფორმირებად ელემენტებზე. ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელ კომპონენტებად კი უნდა განვიხილოთ სახელმწიფოს ფინანსური, ენერგეტიკული, თავდაცვითი და სასურსათო უსაფრთხოება  [ჭანია მ: 2009:83].

მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედს, რომელსაც ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლია, წარმოადგენს სავალუტო უსაფრთხოება, რომელიც წარმოადგენს ისეთ მდგომარეობას, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვრულ ფარგლებში სავალუტო სისტემისა და საბაზრო ინსტრუმენტების ფუნქციონირების საერთო ეკონომიკური უპირატესობების გარანტირება [ჭანია მ: 2009:80]. სავალუტო უსაფრთხოების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მდგრადობის უზრუნველყოფა, ფულადი სახსრების მიმოქცევის ნორმალიზაცია, საბანკო სისტემის მდგრადობა, შიდა და საგარეო ვალის შემცირება.

თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ სავალუტო უსაფრთხოების კონტექსტში სახელმწიფო დგას ალეტერნატივების წინაშე, რაც გამოიხატება ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებით: პირველი ეხება ფულადი სახსრების აუცილებელ მინიმალურ დონეს, ხოლო მეორე – სახელმწიფო ბიუჯეტში ფულის მკაცრ ცენტრალიზაციას, რითაც ბიზნესსუ­ბიექტებს უმცირდებათ ფულადი სახსრები რეინვესტირებასა თუ ინოვაციების დანერგვაში.

ერთ-ერთი ძირითადი საფრთხე, რაზეც სახელმწიფოს მართებს ყურადღების გამახვილება სავალუტო უსაფრთხოების მიმართულებით, არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ამავე კონტექსტშიც ნეგატიური როლის შესრულება შეუძლია რევალვაციის პროცესსაც. აღნიშნულ ორივე ტენდენციას ნეგატიური თამაში შეუძლია რამდენიმე თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, კი ეს ეხება როგორც სამამულო, ის უცხოურ ვალუტას. როგორც ბიზნესსუბიექტების, ისე მოსახლეობის დანაზოგების მაღალი წილი უცხოურ ვალუტაში, ასევე ეროვნული ვალუტის რყევები აუცილებლად გამოიწვევს შემოსავლებისა და ფასების მკვეთრ ცვალებადობას. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით მთავარ პირობას წარმოადგენს გარკვეული რეგულაციების შემოღება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით. არსებობს მოსაზრება, რომ უნდა შემცირდეს სავალუტო ამონაგების ნორმატივების შემცირება. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, გამოიწვევს ფულის მიწოდების შემცირებას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად იმოქმედებს სამომხმარებლო ფასებისა, თუ რეალური შემოსავლების შემცირებას.

თანამედროვე ეპოქაში სავალუტო უსაფრთხოების ძირითადი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გავლენის შეფასება ეკონომიკურ ზრდაზე, გამომდინარეობს გარკვეული მეთოდებიდან, რომელთა შორის ორი ძირითადი უნდა გამოვყოთ. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ძირითადი მაკრკოეკონომიკური მაჩვენებელების ანალიზს და მათ შედარებას ზღვრულ მაჩვენებლებთან, რომლებიც, თავის მხრივ, მსოფლიო საშუალო მაჩვენებლების მნიშვნელობაზე ნაკლები არ უნდა იყოს. მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის ხარისხისა თუ ტემპების შეფასება ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და ამ ცვლილებების დინამიკის შესახებ. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ასპექტები 

დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან საქართველოში დაიწყო საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ჩამოყალიბება, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, რადგან გარდაქმნების პროცესი დიდწილად ვერ უზრუნველყოფდა მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოში, ისევე როგორც პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, ეკონომიკური განვითარება უნდა დაფუძნებულიყო საბაზრო კანონებთან თანდათანობითი ადაპტირებით, რასაც გარკვეულწილად ნაკლები შოკი უნდა გამოწევია. თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ინსტიტუციონალური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ეკონომიკა საბაზრო შოკში აღმოჩნდა და რადიკალური ცვლილებების გატარება მოითხოვა.

სტრატეგიული პროგრამების განხორციელებისას ყოველთვის არსებობს თანმხლები ეფექტები, რომლებიც თავს იჩენს განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე. საქართველოში არსებული ეკონომიკური ცოდნა და გამოცდილება ვეღარ განსაზღვრავდა მოსალოდნელი ცვლილებების მთელ სპექტრს, ხოლო ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე წარმოშობილი პირობები წარმოადგენდა გამოცდას ყოველი ხელისუფლებისთვის. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები, რომელთაც ახალი ეკონომიკური სისტემის ინსტიტუციური საფუძვლები შექმეს. ამ პოლიტიკამ რეფორმების პირველ ეტაპზე განაპირობა ეკონომიკური ზრდის სტიმულირება, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს შეფერხდა.

2003 წელს ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, რომელმაც მთელი რიგი რეფორმების განხორციელება დაიწყო. შედეგად დაიწყო რეფორმების მეორე ტალღა, რომელშიც, პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენდა ფინანსური დისციპლინის დამყარება, კანონიერი ეკონომიკური თამაშის წესების აღდგენა. ეს კი თავისთავად მოიაზრებდა ჩრდილოვანი კლანური სტრუქტურების რღვევას, მათ მიერ უკანონოდ მითვისებული ქონების კონფისკაციას, ხოლო შემდგომ მათ გადანაწილებას საზოგადოების ღარიბი, სოციალური ფენების სასარგებლოდ.

პარალელურად გაუმჯობესდა სამეწარმეო სფერო, შეიცვალა საკანომდებლო ბაზა, რაც ძირითადში მოიცავდა ლიბერალური საგადასახადო კოდექსის შემოღებას, მაკონტროლებელი ორგანოების შემცირებასა და შეზღუდვას. ამ ამოცანების განხორციელება ხელისუფლებამ დაიწყო მთავრობის რეორგანიზაციით, რაც ითვალისწინებდა კორუფციიდან მის სრულ გათავისუფლებას, ბიუროკრატიის შემცირებას, სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობის ზრდას და მათი შრომის ანაზღაურების ზრდას. ამ და სხვა რეფორმების შედეგად ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

ამავე პერიოდში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები წარმოადგენდა, რომელთა დიდი ნაწილი ინსფრასტრუქტურული პროექტებისკენ იყო მიმართული. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამუშაო ძალის დიდი წილი ეკონომიკის განვითარებაში უარყოფითი იყო და 1.6%-იანი კლებით ხასიათდებოდა, ხოლო ფაქტორების მთლიანი მწარმოებლურობის საშუალო ზრდის ტემპი კი 2,8%-ს შეადგენდა  [„საქართველო 2020“ 2014: 7]. გაჩნდა განცდა, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ხელი უნდა შეეწყო ახალი ცოდნის მიღებისა და ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც იქნებოდა ექსპორტის გაზრდის,  დივერსიფიცირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა, თუმცა ეს არ განხორციელდა იმ მასშტაბით, რაც დაგეგმილი იყო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის.

ამავე პერიოდში განხორციელებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ვერ გამოიღო სასურველი შედეგი საექსპორტო კონკურენტუნარიანობის ზრდის თვალსაზრისით. უმნიშვნელო იყო ექსპორტის დივერსიფიცირება, იმპორტის მოცულობის ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო ექსპორტის მოცულობას, რამაც უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდოს ზრდა გამოიწვია. ეს კი ქვეყნისთვის სერიოზულ მაკროეკონომიკურ რისკს წარმოადგენს.

2012 წელს პირველად საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით და ახალმა ხელისუფლებამ ეკონომიკის ახალი ხედვები წარმოადგინა, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. უფრო კონკრეტულად, გაძლიერდა სამთავრობო უწყებები და გაიზარდა გამჭირვალობა, შედეგად გაუმჯობესდა ხარჯვის ხარისხი, გაიზარდა საგადასახადო შემოსავლები, შემცირდა კორუფცია. არსებითმა საოპერაციო ბალანსმა სახელმწიფოს საშუალება მისცა გაეზრდა კაპიტალური ხარჯებიც. 2019 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მშპ-ს 5% შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, განპირობებული იყო ექსპორტის, ფულადი გზავნილების, ტურიზმიდან შემოსავლების გაზრდით და იმპორტის შემცირებით.

კიდევ უფრო გაძლიერდა ევროინტეგრაციის კურსი, რომლის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება. საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად უნდა იქცეს ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმება. საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისგან განსხვავებით DCFTA გულისხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის ეკონომიკასთან.

DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას, ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, ხოლო მეოთხეს – ადამიანის თავისუფალ გადაადგილებას ხელს უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი 500 მილიონზე მეტი მომხმარებლით. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, გახდება რა მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისთვის. ეს  გამოიწვევს საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედებით ხელი შეეწყობა ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, უსაფრთხო და უვნებელი პროდუქციის მიწოდებას, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.

შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძირითადში უფრო დივერსიფიცირებული ეკონომიკით იყო განპირობებული. 2019 წლისთვის ეკონომიკური აქტივობების ყველაზე სწრაფად მზარდ დარგებში მოხვდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური აქტივობები, გართობა. მიუხედავად მზარდი დივერსიფიკაციისა, საქართველო რჩება ადგილობრივ სერვისებზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნად, რაც ეკონომიკის 2/3 შეადგენს  და  თუ არ ჩავთვლით ტურიზმს, უმეტესწილად არაექსპორტირებად საქმიანობას მოიცავს.

ყოველივე ამას თან დაერთო მსოფლიო პანდემია, რომელმაც ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი შენელება და ბოლო წლების პოზიტიური ეკონომიკური ტრაექტორიის შეწყვეტა გამოიწვია. გლობალურად COVID-19-ის პანდემიამ მწვავე ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, მათ შორის საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს. შესუსტებულმა საგარეო მოთხოვნამ და თანმდევმა შოკმა, რომელიც ტურიზმის სექტორმა განიცადა, ქართული ლარის გაუფასურება და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. პანდემიის შედეგად ადგილობრივ დონეზე პირადი მოხმარების, საგარეო ინვესტიციებისა და წმინდა ექსპორტის მასშტაბი შეზღუდა.

როდესაც ვსაუბრობს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე მიმართულებაზე, რომლებიც დღეს ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია. ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი თავისებურებებიდან მთავარ როლს თამაშობს კონკურენტუნარიანობისა და ეფექტიანობის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. ეკონომიკურ ზრდასთან არის დაკავშირებული ინტელექტუალური განვითარების დაბალი შედეგები, რადგან იგი უარყოფითად მოქმედებს წარმოების ზრდაზე და კონკურენტუნარიანობის რეიტინგის მოხსენებებში  საერთოდ არ ფიგურირებს, არადა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იგი საკმაოდ მაღალია. საკმაოდ დაბალია კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელიც, რაც ძირითადში გამოწვეული არის განვითარების დაბალი დონით, კონკურენტუნარიანი ბაზრების არარსებობით, სახელმწიფოს დაბალი ეფექტიანობით, თუმცა საქართველო ფლობს საკმაოდ დიდ პოტენციალს, რათა გადაიქცეს კონკურენტუნარიან ქვეყნად.

თუ გადავხედავთ კონკურენტუნარიანობის პოლიტიკას, ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მაინც არსებობს მთელი რიგი გამოწვევები. კონკურენციის დაბალი დონე ძირითადში მონოპოლისტური კონკურენციით არის გამოწვეული. ასევე უნდა გამოვყოთ საბაზრო პრინციპების არასრულყოფილი დანერგვა, ადგილობრივი წარმოებისა და შემოსავლების დაბალი დონით. მსოფლიო პრაქტიკით კონკურენციის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებად მიჩნეული არის ტექნოლოგიური სიმძლავრე, მსხვილ ბაზრებზე შესვლის უნარით, წარმოების დანახარჯებსა და ბაზრებზე ფასებს შორის სხვაობით და ქვეყნის ზრდის სტრატეგიის მართვის პოლიტიკური შესაძლებლობებით  [ჭანია მ: 2009:103].

ცალკე საკითხად უნდა გამოვყოთ ეფექტიანობის საკითხი. თუ ვიმსჯელებთ ზოგადი პრინციპებით, ძირითადი ყურადღება წარმოების დონეზე არის გადატანილი.  დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ ასევე    თვითონ სახელმწიფოს ეფექტიანობზე. ამ უკანასკნელის ძირი­თადი ეფექტიანობა განპირობებულია სახელმწიფოს საზოგადოებრივი საქონლით, რომელიც იზომება საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარისხით. როგორ არის შესაძლებელი გაიზომოს სახელმწიფოს ეფექტიანობა? ამ კითხვაზე პასუხი მაინც მთლიან შიდა პროდუქტში უნდა ვეძიოთ, ოღონდ განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საზომად სახელმწიფო მართვის სისტემაში დასაქმებულთა შრომის მწარმოებლურობა უნდა მივიჩნიოთ.

თუ დავეყრდნობით ეკონომიკის სტრუქტურული განვითარების მოდელებს, მთავარი მაინც ზრდის ფაქტორების სტრუქტურა, დაგროვებისა და მოხმარების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა, ინვესტიციების სტრუქტურა  არის. ეკონომიკური ზრდა ძირითადში მაინც ერთობლივი მოთხოვნით განისაზღვრება, რომელიც მოსახლეობის, სახელმწიფოს, კერძო ინვესტორებისა და ექსპორტიორების ხარჯებს მოიცავს. ძირითად როლს მაინც მოსახლეობის შემოსავლები თამაშობს, განსაკუთრებით კი ხელფასის წილი მშპ-ში. საქართველოში დაბალია არა მარტო დანაზოგების, დაგროვებისა და ინვესტიციების წილი მშპ-ში, არამედ სახელმწიფო მოხმარების წილი. კერძო მოხმარების თვალსაზრისით, შეინიშნება მაღალი დონე, რაც ძირითადში გამოწვეულია მაღალი რესურსმოხმარებით, ვიდრე მწარმოებლურობით. საქართველოში დანაზოგებისა და ინვესტიციების დიდი ნაწილი ხორციელდება გარე ფულადი რესურსების გადმოგზავნით. შედეგად ვიღებთ სურათს, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით შიდა ინვესტიციების წილი მცირეა და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარედან მოზიდულ  ფინანსურ რესურსებზე.

გარდა ზემოაღნიშნული რამდენიმე მიმართულებისა, უნდა გამოვყოთ ეკონომიკური ზრდის უთანაბრობა, ზრდის დაბალი ხარისხი და განვითარების დაბალი ინდექსი. განსაკუთრებული როლი ენიჭება ინტელექტუალურ კაპიტალს. დღესდღეობით იგი წარმოადგენს ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს, რაც ძირითადად გამოწვეული არის განათლების მცირე დაფინანსებით, ტენოლოგიური განვითარების დონის დაბალი ინდექსაციით, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციული, ციფრული და ბიოლოგიური ტექნოლოგიების გამოყენების მცირე მასშტაბით.

ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებულ შემაფერხებელ ფაქტორად დანაზოგებისა და ინვესტიციების სიმცირე უნდა მივიჩნიოთ. იმისდა მიუხედავად, რომ მთავრობის მიერ გატარებულია მთელი რიგი ინსტიტუციური ღონისძიებები, მისი დაბალი დონე მაინც თვალშისაცემია. საქართველომ  უნდა იპოვოს, შეიმუშავოს გარკვეული ტიპის მოდელები, რომლებიც უნდა ასახავდეს მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან მოთხოვნებს. აღნიშნული მოდელები გარკვეული ტიპის გარღვევას მოახდენენ ეკონომიკური ზრდისა და საგადასახდელო ბალანსის სტრუქტურაში. 

დასკვნა/რეკომენდაციები

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა წინააღმდეგობებით გამოირჩევა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად და მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდის ხელშესაწყობად მიზანშეწონილია სწორი ეკონომიკის პოლიტიკის ფორმირება. აღნიშნული რამდენიმე ფაქტორზე არის დამოკიდებული.

ეკონომიკის დაჩქარებული განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშელელი ფაქტორი შექმნილი არამყარი მაკროეკონომიკური სიტუაცია უნდა დავასახელოთ. ძირითადი აქცენტი ანტიინფლაციურ პოლიტიკაზე კეთდება. სამწუხაროდ, დღევანდელ პირობებში შეფარდებითი ეკონომიკური სტაბილურობა გამოწვეული არის არა ეკონომიკაში მკვეთრი ცვლილებით, არამედ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ეკონომიკური კონიუნქტურით. ეკონომიკის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს უდეფიციტო ბიუჯეტი, რის შედეგადაც, გაზრდილი შემოსავლების ფონზე შესაძლებელი იქნება გარკვეული ღონისძიებების დაფინანსება.

ხელისუფლებამ   უნდა  შეიმუშავოს ეკონომიკის შემდგომი მოდერნიზაციის მიმართულება, რომელიც შემდეგ კრიტერიუმებს უნდა ემყარებოდეს: საბიუჯეტო საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით – საგადასახადო ტვირთის შემცირება, ინვესტიციების გადიდება, რაც ჯამში ერთობლივი მოთხოვნის გაფართოებას გამოიწვევს; ფულად-საკრედიტო მიმართულებით – საინვესტიციო კლიმატის, საბაზრო წონასწორობის უზრუნველყოფა; საგარეო-ეკონომიკური მიმართულებით – წმინდა ექსპორტის ზრდა, ვალუტის კურსის მდგრადობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, საგადასახადო ბალანსის დადებითი სალდო და, რაც მთავარია, უნდა აღმოიფხვრას წინააღმდეგობა მაკროეკო­ნომიკური პოლიტიკის ცალკეულ მიმართულებებს შორის.

მიუხედავად ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გარკვეული დადებითი ტენდენციებისა, ვერ იქნა მიღწეული გარდატეხა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ამის რამდენიმე მიზეზი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება საგარეო და შიდა ფინანსური ნაკადების განმსაზღვრელობით, რომლებიც ნაკლებად აისახება რეალურ სექტორებზე. ეკონომიკური ზრდა ვერ აისახა დასაქმებაზე. ამ უკანასკნელის გადაჭრის წინაპირობად შეგვიძლია დავასახელოთ მცირე და საშუალო ბიზნესის პრიორიტეტული განვითარების უზრუნველყოფა. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ დარგებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, კვებისა და მსუბუქი მრეწველობა, მრეწველობის მეცნიერებატევადი დარგები, მომსახურების სფერო. მცირე ბიზნესის უპირატესობაა ის, რომ იგი დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. შესაძლოა ინვესტიციები მსხვილ საწარმოებთან შედარებით მცირეა, ხოლო უკუგება, შემოსავლიანობა და ეფექტიანობა  –  მაღალი. ეს კი  ზრდის  დაჩქარების  ტემპს.

ცალკე პრობლემაა პროდუქციის დაბალი პროდუქტიულობა. საქართველოში წარმოებული სამრეწველო საქონელი არა მხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ ხარისხობრივადაც ჩამორჩება დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში წარმოებულ ანალოგიურ პროდუქციას. ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება. ამავდროულად მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის ამაღლება ისეთ დარგებში, რომლებშიც ქვეყანას ფარდობითი უპირატესობა გააჩნია. ეს არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენების საწინდრად უნდა მივიჩნიოთ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საგადასახდელო ბალანსის წონასწორობას. მის დასაბალანსებლად საჭიროა ექსპორტის გაფართოება და საგარეო ვალის შემცირება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით საქართველოს მიეცა შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზრებზე შეღავათიანი პირობებით პროდუქციის ექსპორტირებისა, მაგრამ ამისთვის საჭიროა მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდება. საჭიროა ასევე ექსპორტის დივერსიფიკაცია. ამ მიზნების განსახორციელებლად საჭიროა სწორი ფისკალური, ფულად-საკრედიტო და სავაჭრო პოლიტიკის შემუშავება. აღნიშნული ვერ განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე, რომლის შემოდინებასაც თან ახლავს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. იმისთვის, რომ განხორციელდეს ინვესტიციების შემოდინება საჭირო არის ინსტიტუციური წესრიგის არსებობა, პოლიტიკური სტაბილურობა. ეს არ უნდა გახდეს ეროვნული კაპიტალის დასუსტების საგანი. პირიქით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც მისი გაძლიერების საშუალება, მათ შორის საბანკო სფეროშიც. ამავდროულად, მნიშვნელოვანია რომ განხორციელდეს მუდმივი კონტროლი კაპიტალის შემოსვლაზე, რადგან იგი იმპორტის გაზრდისთვისაც შეიძლება იქნეს გამოყენებული, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურ ასახვას პოვებს საგადასახდელო ბალანსზე. ამ უკანასკნელთან გარკვეული კავშირი აქვს სავალუტო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებას. ამისთვის საჭიროა თანმიმდევრული, მიზნობრივი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც დაფუძნებული იქნება ეკონომიკის გამოცოცხლების და მისი ზრდის ამაღლებისკენ. ეფექტიანი სავალუტო სისტემის ფუნქციონირება საშუალებას მისცემს ქვეყნის საფინანსო სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებას. 

ცალკე თემად უნდა გამოვყოთ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც დაკავშირებულია კვალიფიციური კადრების არსებობასთან. აქ კი მნიშვნელოვანია განათლებისა და მეცნიერების შესაბამისი დონის ამაღლება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ჭანია მ., თბ. 2009. „ეკონომიკური ზრდისა და სავალუტო უსაფრთხოების ზოგიერთი საკითხები“.  თბ. 2009.
  2. ბახტაძე ლ.,  „გარდამავალი ხანის ეკონომიკა“ სალექციო კურსი სოციალური მეცნიერების მაგისტრატურისთვის. თბ. 2006.
  3. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - „საქართველო 2020“.  თბ. 2014.
  4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - „საქართველოს ფისკალური პოლიტიკა,  მართვა და მისი თავსებადობა ევროკავშირის პრაქტიკასთან“. თბ. 2016.
  5. ლიბერალური აკადემია - „საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია: დამოუკიდებლობის 20 წელი“.  თბ.  2011.
  6. ზაურ თეთრუაშვილი, მაია თეთრუაშვილი-ქარდავა, „საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები და მისი რეგულირების მექანიზმები საბაზრო ურთიერთობების ფორმირების პირობებში“. თბ. 2006.
  7. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური www.geostat.ge